"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კოლაიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ერთადერთი, "სტრატეგია აღმაშენებელმა" განაცხადა უარი კოალიციის შექმნისთვის კონსულტაციებში ჩართვაზე, ხოლო გიორგი გახარიას პარტიასთან საუბარს, წიკლაურის მოსაზრებით, აზრი არ აქვს.
"პრაქტიკულად ყველასთან არის უკვე კონსულტაციები დაწყებული. მე მოვისმინე მხოლოდ ერთადერთი უარყოფითი განცხადება, ეს გახლავთ თუ არ ვცდები "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადება, რომ არ სურთ მათ ამ კოალიციაში შემოსვლა.
რა თქმა უნდა, მეორე ტურები, კოალიციობა - არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ამ პარტიების შემოკრება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კოალიცია იყოს არა მხოლოდ მეორე ტურის გარშემო, არამედ მთლიანად კლიმატთან დაკავშირებით ჰქონდეს საერთო ჩამოყალიბებული პოზიცია.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სანამ დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი ირღვევა და პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა არის ციხეში უსამართლოდ და ის არის პოლიტიკური პატიმარი, აი ამის გარშემოც უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა გაერთიანება ჩვენი ქვეყნის ძალების.
როგორც ვიცი, გუშინ გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ არაფრის მოწოდებას თავისი ამომრჩევლისათვის, ამიტომ მათთან საუბარს მე მგონი, ამ შემთხვევაში აზრი არც აქვს. ჩვენ დავიწყებთ საუბარს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე იმ ადამიანებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.
მე პირადად მიმაჩნია, რომ პრობლემა, რომელიც ახლა არის საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პრობლემა," - განაცხადა მან.