საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შორის აუდიენცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კახა კუჭავას და დენის შმიგალის შეხვედრას მიხეილ სააკაშვილის დაკავების თემის გარეშე არ ჩაუვლია.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ეს ის საკითხია, რომელიც უხერხულობას წარმოქმნის ორივე ქვეყანას შორის, თუმცა მისი განცხადებით, ვერცერთი ადამიანი, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს.
"შევეხეთ იმ საკითხსაც, რომელიც დღეს ალბათ ყველაზე აქტუალურია და ყველას აინტერესებს. საუბარი არის მიხეილ სააკაშვილის გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ამ ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ, უკანონო კვეთაზე საზღვრების და ზოგადად, უხერხული სიტუაციაა, რაც ორივე მხრიდან იქნა ხაზგასმული - ვერასოდეს, ვერცერთი ადამიანი, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს. ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და ამას არაფერი არ უდგას წინ. მხოლოდ და მხოლოდ გამყარებაზე ვფიქრობთ," - განაცხადა კახა კუჭავამ.
ამასთან, კახა კუჭავას განმარტებით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ერთგულება საქართველოსა და უკრაინისთვის ერთობლივი ევროპული მომავლის შესაქმნელად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.