"ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებულ აქციას ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან.
პოლიტიკური გუნდების ძირითადი ნაწილის განმარტებით, შეკრება პარტიული ღონისძიებაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლო და მიხეილ სააკაშვილის ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგომაა.
"ისინი თუ უერთდებიან მოთხოვნას, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მართლმსაჯულებისგან, ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრებისგან, ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური დევნისგან, რომელიც მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ, თუ ამ მოთხოვნებს უერთდებიან, აქციაზე იდგებიან თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.
პარტია "ლელო" აქციას არ უერთდება, თუმცა მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სააკაშვილი და არა მარტო ის, სამართლიან სასამართლოს იმსახურებს.
"შეიძლება ვიღაცამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს იქ მისვლა, ჩვენ ამას არავის ვუშლით, ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და არა მარტო იგი, ყველა იმსახურებს სამართლიან სასამართლოს,"- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
"მოქალაქეებში" და "გირჩში" ამბობენ, რომ 14 ოქტომბერს დანიშნული აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მხარდასაჭერად იმართება და შესაბამისად პარტიები ამ აქციას არ შეუერთდებიან.