"ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებულ აქციას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უერთდება. პოლიტიკური გუნდები ამას ხსნიან იმით, რომ შეკრება არის პარტიული ღონისძიება. აქვე აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლო და მიხეილ სააკაშვილის ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგომაა.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ყურადღებას მოახლოებულ მეორე ტურზე ამახვილებს და ამბობს, რომ ახლა ფოკუსი ამაზე უნდა გაკეთდეს.
"პოლიტიკური პარტია "ლელო" ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება, თუმცა ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ მთელი ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურებზე,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
გიგა ბოკერია არასწორ მიდგომად აფასებს მოლოდინების შექმნას იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება "ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გასაღებია.
"სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, უნდა მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურებზე აზრი არ აქვს გასვლას. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად მიმაჩნია, არარეალისტურად და ამიტომ არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეკრებას არ შეუერთდება სტრატეგია აღმაშენებელი, თუმცა დაანონსებულ აქციაზე ინდივიდუალურად მისვლას გეგმავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.
"თუ ოპოზიცია თვლის, რომ ამისთვის აუცილებელია ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, მე, როგორც მოქალაქე, არ მინდა, რომ პრეზიდენტი დაიღუპოს საკანში და როგორც მოქალაქე, მივალ აქციაზე,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
აქციას არ შეუერთდება პარტია ”მოქალაქეები”. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უკვირს იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხალავენ, თუმცა მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლას არ აპირებენ.
"ეს არის სხვა პარტიის აქცია, რომელიც არის მათი ლიდერის მხარდასაჭერად. ამასთან ერთად, თქვენ იცით, რომ მთელ რიგ საქმეებთან მიმართებაში ჩვენ არ განვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.