სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში 2 პატიმრის გარდაცვალების ფაქტსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თითქოს ციხეში ბუნტი იყო, "დღის კურიერის" ეთერში, იუსტიციის მინისტრი დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს დესტრუქციული ქმედებაა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული.
"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმრებს მოწყობილი ჰქონდათ ბუნტი და გადაკეტილი ჰყავდათ ციხის დაცვა. ეს გავრცელდა ხანძრის შემდეგ. ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არის პირდაპირი დესტრუქციული მოქმედება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და აღვნიშნეთ, რომ ეს ძალიან მავნებლური ტყუილი იყო და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა, რატომღაც ამ განცხადების გავრცელება, აქციის პარალელურად მოხდა. ადამიანებს, ვინც მსგავს ტყუილებს ავრცელებს, საერთოდ არ აინტერესებთ არც პატიმარი, არ მათი ოჯახი და არც საზოგადოების მდგომარეობა. როგორც იყო ადრე მოდელირებული ქრონიკა, ახლაც იგივე მეთოდების გამოყენება დაიწყეს. ადამიანი, რომელიც იკადრებს და ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს ციხეში ბუნტის შესახებ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება,"- აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 2 მუხლით, რომელიც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას და ასევე, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მიერ მოვალეობის შესაძლო არასათანადო შესრულებას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
გუშინ, ციხეში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.