ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ყურადღება დაეთმო პანდემიით შექმნილ გამოწვევებს და მათი გადალახვის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. ივან კორჩოკმა და კახა კუჭავამ ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა პარლამენტის წევრებსაც.
ივან კორჩოკს შეხვდა დავით ზალკალიანიც. საქართველოს ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება.
"ყველაზე ფასეულია ის, რომ სლოვაკეთი არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი როგორც ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ისე ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის. დარწმუნებული ვარ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს დეოკუპაციასთან მიმართებაში და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არის მიმართული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, კვლავინდებურად მხარდაჭერილი იქნება ჩვენი სლოვაკი პარტნიორების მხრიდან. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რა მოლოდინებიც აქვს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ აუცილებელია კვლავინდებურად აღინიშნო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მნიშვნელობა როგორც ყოვლის მომცველი პროექტისა და ასევე დიფერენცირების პრინციპი," - აცხადებს დავით ზალკალიანი.
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
"სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მინისტრმა ამ მიმართულებით არსებული ვითარება გამაცნო. მე ვეწვევი დღეს საოკუპაციო ხაზს, მინდა ჩემი თვალით ვნახო არსებული მდგომარეობა და გამოვხატო მხარდაჭერა სლოვაკეთის წარმომადგენლებისადმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - აცხადებს ივან კორჩოკი.