აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტს საქართველოში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე ეხმიანება. თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი ყველაზე უფრო სერიოზული გამოსავალია.
"ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ შეიძლება ამ ეტაპზე ერთადერთი ყველაზე უფრო სერიოზული გამოსავალი. ამერიკასთან ორმხრივი ხელშეკრულება თავდაცვაზე ალბათ კიდევ უფრო სერიოზული გარანტიაა დაცვის, ვიდრე NATO-ს წევრობა როგორც ასეთი, ამაში ალბათ ბევრი დამეთანხმება. თუ გაღრმავდება ეს თანამშრომლობა ძალიან კარგი, რა ჯობია ამას," - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
როგორც ანალიტიკოსი ლევან ნიკოლაიშვილი აცხადებს, აშშ იმ ქვეყნების ლიდერთა რიცხვში შედის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და დეოკუპაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"როგორც წესი, აშშ შედის იმ ქვეყნების ლიდერთა რიცხვში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მათთვის ყოვლად მიუღებელი არის რუსეთის ის პოლიტიკა, რასაც ის აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, დეოკუპაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აქვე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულწილად კონტურები შეიძლება უფრო და უფრო გამოიკვეთოს იმისათვის, რომ ყინული დაიძრას რუსეთთან ურთიერთობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატებიც ამას საკმაოდ სიფრთხილით ეკიდებიან და რა თქმა უნდა ჩვენც არ გვირჩევენ გარკვეულ კონფრონტაციაზე წასვლას რუსეთთან მიმართებაში," - აცხადებს ლევან ნიკოლაიშვილი.