ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურებიან.
"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ინტერესს წინ პოლიტიკური მართლმსაჯულების ინტერესი უსწრებს. მისი თქმით, არსებულ მდგომარეობაში, როდესაც ექსპრეზიდენტი შიმშილობს, ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალებაა.
"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ინტერესი. გამოსავალი, შესაძლებელია, ბევრი არსებობდეს, ერთი-ერთი მექანიზმია, რაზეც არის მითითებული აღნიშნულ წერილში, რომ სანამ სტრასბურგი არ განიხილავს, მანამდე იყოს გათავისუფლებული პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ადამიანი შიმშილობს და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი, ძალიან მძიმეა ამ მდგომარეობაში მესამე პრეზიდენტის დატოვება და ყველაზე კარგი, მყისიერი გამოსავალი შეიძლება იყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები მომავალში უფრო მკაცრი იქნება. ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი არის მიხეილ სააკაშვილი.
"მათი განცხადებები იქნება კიდევ უფრო მეტად მკაცრი და დღევანდელი შეფასება და განცხადება, რომელიც გავრცელდა 5 ევროპარლამენტარის მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი და დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება, საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომლის მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"სააკაშვილი გათავისუფლდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვამდე" - ამ მოწოდებით 5 ევროპარლამენტარი გამოდის. ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას მოელიან. ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა შეკითხვას აჩენს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. ევროპარლამენტართა ჯგუფი წერს, რომ სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა, რომლის განხილვებსაც ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.