არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრა გამართეს. მათ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ხშირია პოლარიზაციისა და დაპირისპირების ფაქტები.
"მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ძალადობის, დაშინების ფაქტებზე, ამომრჩევლის მოსყიდვის და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა სწორედაც საარჩევნო პროცესებთან მიმართებით. ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც ახლავს თან ამ ფაქტებს, კერძოდ კი გამოუძიებელ საქმეებს, რომლებიც არა მხოლოდ ამ არჩევნებთან მიმართებით გვაქვს, არამედ წინა არჩევნებთან მიმართებითაც, გამოუძიებელი საქმეები მრავლად გვაქვს," - ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე სოციალური ქსელების მეშვეობით დაპირისპირებაზე საუბრობს.
"ჩვენ ვართ პირველ და მეორე ტურს შორის, შესაბამისად, ეს იქნება შეფასება პირველი ტურის და ასევე სამზადისი მეორე ტურის, რა ეტაპზეა ქვეყანა, რა გამოწვევებია მეორე ტურისთვის. ფაქტობრივად, ორ პოლიტიკურ პარტიას შორის რჩება უმეტეს ქალაქებში ეს მეორე ტური. ჩვენ ამას ვხედავთ, უფრო გამძაფრებულ პოლარიზაციას და დაპირისპირებას, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც მსგავსი ვიდეოების გავრცელდა, ამიტომ ჩვენის მხრიდან ვისაუბრეთ ცხადია იმ გარემოზე რასაც ვხედავთ და ველოდებით კიდევ," - აცხადებს ნინო დოლიძე.