"ქართული ოცნების" ლიდერები მეორე ტურის წინ საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ პარტიულ აქტივსა და რუსთავის მერობის კანდიდატთან შეხვედრა გამართეს.
პრემიერმა რუსთავიდან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მათი გუნდი მეორე ტურს არამხოლოდ ამ ქალაქში, არამედ ყველა მუნიციპალუტეტში მოიგებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მათი პარტიის კანდიდატ ნინო ლაცაბიძესა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დავით კირკიტაძეს შორის განსხვავებებზე ისაუბრა:
"ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ნინო ლაცაბიძე. ძალიან მარტივი მოცემულობაა რუსთავში. ერთი მხრივ ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც არის გამორჩეული თავისი პროფესიონალიზმით, განათლებითა და წესიერებით, მეორე მხარეს კი არის ყველასთვის ცნობილი ბანდიტი, კრიმინალი და მძარცველი კირკიტაძე, რომელიც გასამართლებული იყო და ამ ქალაქში ყველამ იცის თუ ვინ არის კირკიტაძე. ეს არის კაცი, რომელიც გამოირჩეოდა სხვისი ქონების წართმევით, ძალადობითა და ჩვეულებრივი ზონდერობით. ჩვენ გვჯერა, რომ რუსთავის მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს.
ყველას გვახსოვს როგორ სამარცხვინოდ მოიქცა კირკიტაძე პოლიციელების წინააღმდეგ, ეს მათი ხელწერაა. ჩვენ ყველა რეგიონის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვექნება, განსაკუთრებით მეტ ყურადღებას კი რუსთავის განვითარებას დავუთმობთ. დამატებით გამოვუყოფთ ბიუჯეტს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, იმისათვის, რომ რუსთაველებს მეტად კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავად მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე საკუთარ დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია.