პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზღვარი უკანონოდ კვეთა დანაშაულია.
როგორც პრემიერი ამბობს, ის არაერთ ევროპელ კოლეგას ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, გაოცებულები არიან, თუ როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კონტრაბანდული გზით, მალულად.
"მე მქონდა არა ერთ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მეგობრებთან საუბარი და ხუმრობით ისინი გაოცებულები არიან, განცვიფრებულები არიან საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი ის, რომ რა თქმა უნდა ყველა შოკში იყო მაშინ როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი. ეს არის ღალატი პირდაპირ და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა სამარცხვინოდ. რა თქმა უნდა, მან კანონი დაარღვია, საზღვრის უკანონო კვეთა ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული. რა თქმა ინდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფო და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში უკვე ოფიციალურად ადანაშაულებენ. ბრალის გაცნობას მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია.