რუსთავში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაშავებული სამი პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ინციდენტის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
მომხდარი ინციდენტი ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების თემაა.
"კირკიტაძეს რომ სიმართლე ვუთხარით, რაც იყო სიმართლე, რას სჩადიოდნენ 6 წლის განმავლობაში, შევახსენეთ, როგორ გვსჯიდნენ, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს უსამართლოდ, გვარბევდნენ, გვატერორებდნენ. უსამართლობაზე რომ მივყევით, აღელდა და პირველმა დამარტყა ფეხი. ასე ჩვევია და ასე აპირებს, მაგას უნდა დაბრუნდეს ქალაქში და ისევ ასე გააგრძელოს?! ჩემი მოთხოვნა ახლა კი არ არის, ჩემი მოთხოვნა არის 2009 წლიდან მოყოლებული, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ჯობია, პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე და ნუ ითარეშებენ ჩვენს ქალაქში,"-აცხადებს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე პირი.
დავით კირკიტაძე კი ამბობს, რომ ეს იყო ენმ-ის ოფისზე თავდასხმა და ისინი თავს იცავდნენ.
"ახლა მნიშვნელობა არ აქვს, "ქართული ოცნება" რას იტყვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ოფისს დაესხნენ თავს, ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენ მოგვიწია ფიზიკურად დაცვა ამ ოფისის და ჩვენი მეგობრების, რა პერიოდშიც მეც მომიწია ჩართვა ფიზიკურად ამ პროცესში, სამწუხაროდ. მაგრამ, მინდა იცოდნენ რუსთაველებმა და ყველამ საქართველოში, რომ ჩვენ მზად ვართ მსგავს პროვოკაციებს გავცეთ სათანადო პასუხი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოფისებს, თანამშრომლებს და საარჩევნო ხმებს,"-აცხადებს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება რუსთავის მერობის კანდიდატის "ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან, 24 ოქტომბერს მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ეს იყო თავდასხმა პარტიის ოფისზე, ხოლო ინციდენტის მონაწილე მეორე მხარე, თავის მხრივ, დავით კირკიტაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.