პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს მმართველი გუნდის მხრიდან სამეგრელოში მოსახლეობის დაშინების შესახებ, "დღის კურიერში" უპასუხა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მსგავსი ფაქტები "ნაციონალური მოძრაობის" სტილია და დღევანდელი საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია იმასთან შედარებით, რაც მათი მმართველობის დროს იყო.
"ნაციონალური მოძრაობა" ყოველი არჩევნების წინ ცდილობს გაავრცელოს ინფორმაცია დაშინებებზე, მოსყიდვებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ა.შ. ეს არის ჩვეული პრაქტიკა, რომელიც გამომდინარეობს იმ მეხსიერებიდან, რაც მათ აქვთ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და რასაც თვითონ აკეთებდნენ. დღეს ყველა კარგად ხედავს, რამდენად მრავალფეროვანია საარჩევნო სუბიექტები საქართველოში, როგორც ამ, ისე სხვა არჩევნებზე, და ყველანი კარგად ვხედავთ, როგორი ასახვა ჰპოვა ამ ყველაფერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. საქართველოში დღეს არსებული საარჩევნო გარემო შეუდარებელია იმასთან, რაც ადრე იყო," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.