საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" აქციაზე განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის გვერდით დგას და მათ მაჯისცემას გრძნობს.
პრემიერმა წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობა არასოდეს დაუშვებს იმ შეცდომების გამეორებასა და იმ წარსულის დაბრუნებას, რომელიც 9 წელის განმავლობაში იყო.
"ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს. პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში ხელშესახებია. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდით დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია, რაც მთავარია ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა, ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას. დღეს არავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, ვინაიდან წინ უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და რომ აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის რეჟიმის მმართველობა. ჩვენ ეტაპობრივად აღვადგინეთ სამართლიანობა და დავაკავეთ მჩაგვრელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი. ახალია, უგულავა, მერაბიშვილი, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. პირველ ოქტომბერს კი, საქართველოდან გაქცეულ და ქურდულად, ლაჩრულად შემოპარულ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში. ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას. არ შემიძლია არ გავიხსენო ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს. როგორი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვექცევით არა როგორც თავად იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.