"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კრიტიკულად განწყობის საზოგადოების ნაწილს მოუწოდებს, რომ ნუ მიაყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, ვინც დღეს მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდა.
მდინარაძე გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თითქოს, მოქალაქეები "ქართული ოცნების" აქციაზე ძალითა და თანხის გადახდის სანაცვლოდ მიიყვანეს.
"რაც არ უნდა ცრუ ნარატივებით იბრძოლოს რომელიმე მედიასაშუალებამ, დღეს ყველა ადამიანი იყო გულწრფელი და აქ ყველა თავისი ნებით იყო მოსული. ზოგი თავისივე ხარჯით, ზოგი პარტიის მიერ დაორგანიზებული სახსრებით, მაგრამ ყველას ვთხოვ, ნუ მიაყენებს აქ მყოფი ადამიანებიდან ნურავის შეურაცხყოფას, რომ ისინი საკუთარი ნებით არ იყვნენ აქ. დღეს აქ იყო ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მთავარი ღირებულება. ეს არის სიმართლე და არ შეიძლება სიცრუემ გაიმარჯვოს. რამდენიმე ადამიანი თუ მოძებნეთ, რომელიც დააბნიეთ, დააბულინგეთ და ა.შ. არ ვიცი, მაგრამ ამდენ ადამიანს ნუ მიაყენებთ ნურავინ შეურაცხყოფას, ამას ნუ კადრებთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.