"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ოპოზიცია ამ ბერკეტს საბოტაჟისთვის გამოიყენებს.
"ის რისკი რაზეც საუბრობს პრემიერი და რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ არის აბსოლუტურად რაციონალურად გათვლილი. ჩვენ არ ველოდებით მათი მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას და ისეთ მიდგომას, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე, სწორედ აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ ჩვენ იმ რისკებზე, რომელიც საბოტაჟს შეიძლება უკავშირდებოდეს. ეს არის მთავარი, რის გამოც ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა და ამომრჩეველი. თუ იქნება ნაცმოძრაობის წარმომადგენელი არჩეული თეორიულად ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მერად, ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს იმას, რომ იქნება საბოტაჟის ცდუნება და არამარტო ცდუნება, არამედ კონკრეტული ტენდეციები და ფაქტები ასეთი საბოტაჟის, რაც მოსახლეობას დააზარალებს და ჩვენ არ გვინდა რომ ეს დავუშვათ.
საკრებულოს შემთხვევაშიც იგივე იქნება აბსოლუტურად - თუ ორი პოლიტიკური ძალაა, ერთი არის მომართული საბოტაჟისკენ და მეორეს სხვა ინტერესი აქვს, ბუნებრივია კონფლიქტი გარდაუვალია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.