სერიოზული სპეკულაცია არჩევნების მეორე ტურის წინ - ეს განცხადება გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა. ვოლსკი დარწმუნებულია რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის განცხადება კონსილიუმთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე წინასაარჩევნო ფანდია.
"მე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ სერიოზულ სპეკულაციებს ექნება ადგილი. ეს არ არის ბოლო განცხადება, რომელიც სააკაშვილის მიერ იქნება გამოქვეყნებული. მე მოველი, რომ იქნება განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, თუ არ შემოიხაზება ნომერი 5 და მე ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ფანდი. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. მაღალკვალიფიციური ექიმები, სამედიცინო პერსონალი და საპატიმროს პერსონალი არის ამაზე პასუხისმგებელი,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუკი ექსპრეზიდენტმა შიმშილობა არჩია, ეს მისი უფლებაა.
"არის პატიმარი სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა პატიმრები და თუ მან პროტესტის ფორმად არჩია შიმშილობა, ის არის მისი უფლება. იცით, რომ შექმნილია შესაბამისი ჯგუფი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ჩათვლით და ისინი უზრუნველყოფენ აუცილებლად იმას, რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. სხვა თვალსაზრისით, მიზანი ამ ყველაფერს ბუნებრივია აქვს მეორე ტურამდე მოტივაციის აწევას თავიანთ მხარდამჭერებში,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.