IPSOS-თან დაკავშირებული სკანდალი "მთავარ არხსა" და ამავე ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შეწყვეტით დასრულდა. ზუგდიდის მერობის კანდიდატების არასწორი მონაცემების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ვრცელი სტატუსი არხის დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ნიკა გვარამია შეეცადა განემარტა, თუ რა გახდა განსხვავებული მონაცემების გავრცელების მიზეზი, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მერის არჩევნებს ოპოზიციის კანდიდატი ანზორ მელია იგებდა, თუმცა კვლევითი ორგანიზაციის უკრაინულ ვებგვერდზე არსებული მაჩვენებლით მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია იმარჯვებდა. "მთავარი არხი" IPSOS-თან სამართლებრივ დავას იწყებს. ყოფილ პარტნიორებს შორის ურთიერთობას საარბიტრაჟო სასამართლო გაარკვევს.
მმართველი პარტიაში IPSOS-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა. სახელისუფლებო პარტიაში კონკრეტული შემთხვევებიც დაასახელეს, სადაც კვლევის მაჩვენებლები რეალურ მონაცემებს მინიმუმ 10 პროცენტით ასცდა.
IPSOS-ის კვლევა მეორე დღეა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი საბაბი გახდა. "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებულ სკანდალში მმართველი პარტიის ხელწერას ხედავს.
მმართველ პარტიაში ციფრებით მანიპულირებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამის მიღმა სხვა პოლიტიკური ინტერესი დგას.
ციფრებით ხელოვნურად მანიპულირებასა და მოსახლეობის განწყობაზე გავლენის მოხდენის მცდელობაზე საუბრობენ სხვა პარტიებშიც. ოპოზიციის ნაწილს უნდობლობა აქვს თითქმის ყველა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემების მიმართ.
ვისი გამარჯვებით დასრულდება თვითმმართველობის მეორე ტური ზუგდიდში და მასთან ერთად კიდევ 19 ქალაქში ეს ხვალ გაირკვევა.