სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა პირადობის გამოყენებას ეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტებებს აკეთებს.
"აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე.
აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები.
შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც.
ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას.
ასევე გვინდა გავაკეთოთ განმარტება კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის თემა; საუბარია ამომრჩეველთა ფოტოსურათიან საჯარო სიებზე. შეგახსენებთ, რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ სიები კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ გამოთხოვის შემთხვევაში. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში," - აცხადებენ ცესკოში.