16 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ექსპრეზიდენტის შიმშილობის და პატიმრობის 30-ე დღე მნახველების გარეშე - გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს გლდანის ციხეში ვერტმფრენით

მსჯავრდებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის, რომელმაც მედიკამენტებსა და სამედიცინო პროცედურებზე უარი თქვა, პატიმრობის 30-ე დღე იწურება. რამდენიმე საათის წინ რუსთავის ციხის კოლონიაში სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი შევიდა, თუმცა, უცნობია, მოინახულა, თუ არა მან ექსპრეზიდენტი. 

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად, შესაძლოა, სატრანსპორტო საშუალებად ვერტმფრენი იყოს გამოყენებული - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერში" განაცხადა. რატი ბრეგაძის მტკიცებით, პატიმარი, მიუხედავად საჯარო განცხადებისა, საჭირო მედიკამენტებსაც იღებს და, ასევე, იმ სითხესაც, რომელიც გარკვეულ დანამატებს შეიცავს. მინისტრის ინფორმაციით, პატიმრობის დღიდან მიხეილ სააკაშვილს უკვე 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

კენჭისყრის დღეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის თემა იყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების ლიდერი სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა, რომ იმიტირებულია - ამას მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღესაც ამტკიცებდა. ირაკლი კობახიძემ ისიც, თქვა, რომ ექსპრეზიდენტს ციხეში დასცინიან კიდეც, რადგან ყოველდღიურად სამ ლიტრ ლიმონათს სვამს. მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც. 

რუსთავის კოლონიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილების გადაადგილება დილიდან შეიმჩნეოდა მოგვიანებით ბრეგაძის უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულების გარე ტერიტრიაზე მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით იდგნენ პოლიციელები. უწყების მტკიცებით, გავრცელებულ ინფორმაცია კოლონიაში სპეცრაზმისა და პოლიციის შეყვანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხის კოლონიაში შიმშილობა ერთი თვის წინ დაიწყო და პროტესტის ამ ფრომის შეწყვეტას არ აპირებს.

დღის ამბები