საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.
მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 1-ელ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას(COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.