23 დეკემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ვის აეკრძალება ავტომობილში სიგარეტის მოწევა - პარლამენტი ინიციატივაზე მუშაობას იწყებს

ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვები მგზავრობენ, თამბაქოს მოხმარება, შესაძლოა, აიკრძალოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტმა, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა დაიწყოს. ცვლილების მიხედვით, ტაქსიში და კერძო ავტომობილებში, რომლითაც ბავშვები გადაადგილდებიან, მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება და დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან. 

როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე "რუსთავი 2-თან" საუბრისას ამბობს, სულ უფრო გაიზარდა მოქალაქეთა მხრიდან მოთხოვნა, აიკრძალოს ტაქსებში თამბაქოს მოხმარება, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევაც ჩატარდა და მოსახლეობის 86% ამ მოწევის აკრძალავს მხარს უჭერს. 

"გასულ წელს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოიკითხა მოსახლეობა მთელი საქართველოს მასშტაბით და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ტაქსიში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოწევის აკრძალვას. გარდა ამისა, დაისვა საკითხი და ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი რეგულაცია, როდესაც ბავშვი მგზავრობს კერძო მანქანის საშუალებით, რომ ბავშვიც იყოს დაცული და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა რეგულაცია, ანუ კანონით დარეგულირებულიყო ეს ურთიერთობები," - ამბობს გიორგი ბახტურიძე. 

ვისი მოვალეობა იქნება მონიტორინგი?

დაიცავენ თუ არა რეგულაციებს მგზავრები და მძღოლები, პროცესის მონიტორინგს საპატრულო პოლიცია და ვიდეოკონტროლი აწარმოებს. 

"ტაქსის შემთხვევაში, ძირითადი პასუხისმგებელი არის მძღოლი, თუ მგზავრი ეწევა და ის არ მიუთითებს, არ განახორციელებს ღონისძიებებს და არ შეუჩერებს მას სერვისს და თუკი საპატრულო სამსახურმა დააფიქსირა, რომელიც პასუხისმგებელია ამ კუთხით ადმინისტრირებაზე, ამ შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება პასუხისმგებლობა. მძღოლის პასუხისმგებლობა იქნება, პირველ შემთხვევაში, 200 ლარი, განმეორებით შემთხვევაში 400 და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე - 600-600 ლარი. რაც შეეხება ფიზიკურ პირს, რომელმაც დაარღვია ეს წესი და კაბინაში მოწია მგზავრმა, ამ შემთხვევაში, 100 ლარი იქნება ჯარიმა, განმეორებისას - 200 ლარი. რაც შეეხება არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევას მანქანაში, ამ შემთხვევაში, დაჯარიმდება კონკრეტული მწეველი,“ - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

გარდა ამისა, როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი ამბობს, იკრძალება თამბაქოს პოპულარიზაციის ფორმა. საუბარია, პრომო აქციების ორგანიზებაზე სავაჭრო ობიექტებში. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ჯარიმდება პრომო სააგენტო, ან თვითონ თამბაქოს ინდუსტრია. ახალი ინიციატივით, პარალელურად, დაჯარიმდება სავაჭრო ობიექტიც.

შეეხება თუ არა შეზღუდვა ელექტროსიგარეტს?

გიორგი ბახტურიძის თქმით, სადაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევაა აკრძალული, ყველგან იკრძალება როგორც ელექტრო სიგარეტის გამოყენება, ისე გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მოწევა, ე.წ აიქოსი. მისი თქმით, ყველა ის სანქცია, რაც ჩვეულებრივ სიგარეტის შემთხვევაშია გამოყენებული, გავრცელდება ამ ტიპის სიგარეტებზეც.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინიციატივის მიხედვით, მსგავსი რეგულაციები ვრცელდება ჩილიმის მოხმარებაზეც და დახურულ სივრცეებში მისი მოწევაც იკრძალება.

რას ემსახურება ინიციატივა

საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საფუძველი პასიური მწეველობის შემცირება, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა და ბავშვების უსაფრთხოება გახდა. როგორც "რუსთავი 2-თან" დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა სტურუა ამბობს, პასიური მწეველობა მოზარდების შემთხვევაში სხვადასხვა დაავადების და მათ გართულების რისკს ზრდის. 

"პირველ რიგში, ეს არის იმისთვის, რომ პასიური მოწევა შევამციროთ, მეორე - ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შევამციროთ. რაც შეეხება კერძო ავტომობილებში, არასრულწლოვანებთან მოწევის აკრძალვას, იგივეა, რომ თამბაქოს მოხმარება სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვებს, განსაკუთრებით, როდესაც ხდება ორგანიზმის ჩამოყალიბება," - ამბობს ლელა სტურუა. 

ტაქსებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ ინიციატივა 2017 წელს ამოქმედდა. ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია. დოკუმენტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, სწორედ დეპუტატებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, აიკრძალება თუ არა ტაქსებსა და იმ ავტომობილებში მოწევა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები მგზავრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები