16 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
პარლამენტიდან გასვლის მუქარა და ურთიერთბრალდებები არჩევნების შემდგომ სესიაზე - როგორ უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო ცხოვრება

არჩევნები დასრულებულია, მუნიციპალიტეტები დაკომპლექტებული. როგორ უნდა გაგრძელდეს საპარლამენტო ცხოვრება? - არჩევნების შემდგომი უკიდურესი რადიკალიზაციისა და პარლამენტიდან გასვლის მუქარების ფონზე ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

ურთიერთბრალდებების გარეშე არ ჩაიარა პარლამენტის სესიამ, რომელიც მე-2 ტურის შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა. ბოიკოტის გამო სხდომათა დარბაზში დღესაც არ იყვნენ "ნაციონალები" და მათან ალიანსში შესული "ლელო".

პოლარიზების დასრულებასა და თანამშრომლობის საჭიროებაზე დღეს ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდებოდა. ამაზე აქტიურად საუბრობდნენ ის ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც არჩევნების შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, თუმცა დარჩნენ საპარლამენტო მუშაობის ფორმატში.

ოპონენტების პოსტ-საარჩევნო განწყობებს სხდომაზევე უპასუხეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ არჩევნები ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად შედგა და ამას მათივე განცხადებით, საერთაშორისო შეფასებები ადასტურებს. ითქვა ისიც, თუ რა უნდა იყოს უპირველესი ქვეყნის დღის წესრიგში 2024 წლამდე - მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების დრომდე.

არჩევნების შედეგად დამდგარი რეალობის გათვალისწინებით სხდომაზე დღეს მილოცვებიც ხშირად ისმოდა. ძირითადად უმრავლესობის მხრიდან, მათ შორის ოპონენტების მისამართითაც. წალენჯიხაში გამარჯვებულ ოპოზიციონერ კანდიდატს საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობაში მათ მხარდაჭერა აღუთქვეს. ოცნების დეპუტატებმა ოპოზიციონერ კანონმდებლებს არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის ერთობლივი მუშაობისკენაც მოუწოდეს.

დრო კი მეათე მოწვევის პარლამენტს 2024 წლამდე აქვს, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ სწორედ 3 წლის შემდეგ ჩატარდება კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები.

დღის ამბები