16 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა პრინციპული პოზიცია შეცვალა - დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. საპარლამენტო ბოიკოტის მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. 

ფრაქცია "ლელოს" წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ მათი ბოიკოტი არ შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რადგან ოპოზიციაში კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ბოლომდე მიყვანას მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ. 

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ოპონენტების ეჭვებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით რეალური საფუძველი არ აქვს, რადგან "ქართული ოცნება" გეგმავს, ცვლილებათა პაკეტს მეორე და მესამე მოსმენის ფარგლებში მიუბრუნდეს. 

კონსტიტუციაში ცვლილებების დასამტკიცებლად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მართალია, ამ დროისთვის, ცვლილებებისთვის დეპუტატთა საჭირო რაოდენობის შეგროვების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, საბოლოოდ, რამდენი კანონმდებელი იტყვის უარს საპარლამენტო მანდატზე. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აღარ აქვს. 

კონკრეტული დეპუტატების გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატის დატოვების თაობაზე ვერ შეცვლის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგს - ასეთი პოზიცია აქვთ კოლეგა ოპოზიციონერების ქმედებებზე მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები ოპოზიციას სამოქმედო გეგმას უწუნებენ.

საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ხუთმა დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ზურა ჯაფარიძემ მიიღეს, თუმცა, მათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

დღის ამბები