რა გამოხმაურებები მოჰყვა 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას - ოპოზიცია აქცენტს დასავლელი პარტნიორების შეფასებებზე აკეთებს, მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ აქტორებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლად გადასაწყვეტ საკითხებს ეხება.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილეს სალომე სამადაშვილს აუცილებლად მიაჩნია დასავლეთის მიერ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის, მაგალითად, პერსონალიზებული სანქციების შემოღება.
"აუცილებლად მიმაჩნია, რომ დასავლეთმა უკვე იმსჯელოს უფრო ქმედით რეაგირებაზე იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებიც მართავენ ამ კლანს და არიან ქვაკუთხედი ამ კლანური სისტემის, ისეთი რეაგირების როგორიც არის მაგალითად პერსონალიზირებული სანქციების შემოღება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი სისტემური რეფორმის გარეშე სასამართლოს მიმართულებით არაფერი შეიცვლება, მისივე თქმით არის ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადასადგმელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანია და მმართველი გუნდი მათ ყურადღებით ეცნობა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები არ შეიცვლება.
"სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილი არის კონკრეტული სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არის წარმოდგენილი. ჩვენ ვართ მზად იმ შეთავაზების ფარგლებში, რაც იყო გაჟღერებული - საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა: გერმანელების, ფრანგების, ამერიკელების და ა.შ. ჩვენ ამ იდეის გარშემო კონსულტაციისთვის მზად ვართ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.