16 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"სასამართლო სისტემის რეპუტაცია გაანიავეს" - რა შეფასებები მოჰყვა მე-3 სექტორში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევის პროცესს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევის საკითხს მე-3 სექტორი ეხმაურება - არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად იზიარებენ დასავლელი პარტნიორების პოზიციას, აცხადებენ იმასაც, რომ პროცესი ხელოვნურად ფორსირებულია.

"ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ეს იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი. ოღონდ, ეს მართლმსაჯულების მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი კი არ არის მხოლოდ, ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯები ასევე. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა ხელისუფლებამ, თუ უნდა, რომ ამ ქვეყანას რაღაც მომავალი შეუნარჩუნოს," - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი გიორგი გვილავა კი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების შემდეგ უცხოელ პარტნიორებს სასამართლო სისტემისადმი ნდობა და იმედი აღარ გააჩნიათ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის რეპუტაცია გაანიავა. 

"ნდობა და იმედი აღარ აქვთ უცხოელ პარტნიორებს, რომ ამ მდგომარეობაში, დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება რამე ცვლილება განხორციელდეს, ამას ყოველდღიურად საბჭო ადასტურებს კიდევაც საკუთარი გადაწყვეტილებებით. აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესები, ისე რომ არავინ იცოდა ვინ იყვნენ კანდიდატები, ისე რომ ვადა არავის გასდიოდა, გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება. ერთადერთი მიზანია, რის გამოც ეს გაკეთდა, ეს არის კლანის ინტერესები, ეს არ არის მართლმსაჯულების ინტერესი იმიტომ, რომ მათი ამგვარი ქმედებით უკვე დიდი ხანია ძირს უთხრიან სასამართლო სისტემას, სასამართლო სისტემის რეპუტაცია გაანიავეს," - აცხადებს გიორგი გვილავა.

დღის ამბები