რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. აქცია ამ წუთებში იწყება. გუშინდელის მსგავსად, ადგილზე შეკრებილები პატიმარ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში არ გადაიყვანენ და საბოლოოდ მას არ გაათავისუფლებენ.
"ბუნებრივია, ნებისმიერი პროცესები შეიძლება განვითარდეს, ამიტომ, მას სასწრაფოდ სჭირდება პროფესიონალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და არა ამ ციხეში და არა იმ რეანომობილის დახმარებით, რომელიც აქ მორიგეობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მოთხოვნები და ეს აქციები გაიმართება ყოველდღე, ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში და გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
აქციების პერმანენტულად გამართვას აანონსებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, პროტესტი მშვიდობიანი იქნება და კანონის ფარგლებში გაიმართება.
"იქნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობრივი მოძრაობები, თუმცა მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში. დღესაც იქნება აქცია რუსთავში, ხვალაც იქნება და საბოლოო ჯამში, უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ აქ საქართველოს მოქალაქეების მრავალათასიანი არმია მოვა, რომელიც გააპროტესტებს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნას," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.