მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამომძიებლების კითხვებს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი დღეს თითქმის 1 საათი პასუხობდა. გიორგი მაჩაიძისგან სუს-ს ინფორმაცია იმ აუდიო ჩანაწერზე აინტერესებდა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. სამოქალაქო აქტივისტი შეხვედრებში მონაწილეობას სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვისას სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბარი არ ყოფილა.
თითქმის 2 საათს გაგრძელდა "თავისუფალი ზონის" აქტივისტების გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში. მაკა მინდიაშვილი იმ შეხვედრების მონაწილეა, სადაც, როგორც თავად ამტკიცებს, განიხილებოდა გეგმა მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ, თუ როგორ ემოქმედათ აქტივისტებს მაშინ, თუკი მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანდნენ. სამოქალაქო აქტივისტი კავშირს სახელმწიფო გადატრიალებასთან უარყოფს.
გამომძიებლებს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია დღეს თავისუფალი ზონის კიდევ ერთმა აქტივისტმა მიაწოდა. ანა ჯინჭარაძე ვარაუდობს, რომ ამ გამოძიებით სუს-ს კონკრეტული პირების დაკავება სურს.
მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამომძიებლების კითხვებს დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ 2-მა აქტივისტმა უპასუხა. გამოკითხვების დასრულების შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჟღერდა დანაშაულის შემცველი განცხადებები, გაისმა მოწოდებები რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ. უწყება საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავოს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე მეორე დღეა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მოწმეებს კითხვას. გამომძიებლების კითხვებს უკვე 8 პირმა უპასუხა.
საქმეზე გუშინ საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა. "კურიერის" კამერამ აღმაშენებლის ხეივანში ექსკლუზიურად გადაიღო ერთ-ერთი მოწმის ჩხრეკის მომენტი. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, რომელიც საქმეს დამატებით მტკიცებულებად დაერთო, გამოძიება საქმეზე 315-ემუხლით მიმდინარეობს.