პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის ექსპრეზიდენტს არასოდეს შეიწყალებს, მმართველ გუნდში ლეგიტიმური უწოდეს და ისევ აღნიშნეს, რომ დამნაშავემ სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს.
"ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. რაც შეეხება ზოგადად შეწყალების ნაწილს, თუ მესამე პრეზიდენტი ჩაჯდებოდა გარკვეულ კრიტერიუმებში, ალბათ მაშინ, როგორც ყველა სხვა პატიმარზე, ასევე იქნებოდა მსჯელობა მის შეწყალებაზე, მაგრამ როგორც ჩანს ის ვერ ჯდება ამ კრიტერიუმებში, შესაბამისად, ის ვერ იქნება პრივილეგირებული ვერც ერთ ვარიანტში და როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ასევე მასზეც ვრცელდება ეს წესი და კანონი. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და პოზიცია და ამაში ჩვენ ბუნებრივია რაიმე უარყოფითი და საწინააღმდეგო არ გაგვაჩნია," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სამართლიანს უწოდებს.
"ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია არის სამართლიანი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი. ახლაც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულებს და იმ ადამიანის შეწყალება, რომელიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულებებს, რომელსაც არ მიაჩნია, რომ მას რაიმე სახის მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია მოქალაქეების წინაშე და ჩვენ ვიცით, რომ არა თუ ადამიანები, ცალკეული ოჯახებიც კი ჰყავს მას დაღუპული, ვფიქრობ, რომ ძალიან უსინდისო საქციელი და პოზიციაა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.