ვაქცინაციის საკითხისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვაგვარია კანონმდებლების შეფასებები პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება. სალომე ზურაბიშვილის მორიგ უარს ოპოზიცია ბრალდებებით პასუხობს
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დიდ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.
"ეს არის დიდი პოლიტიკური შეცდომა, რომ ის არ იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლიტიკური ჩიხიდან რომელშიც, ჩვენ აღმოვჩნდით და გარკვეულწილად ფარისევლობა არის საუბარი პოლარიზაციის დასრულებაზე, როდესაც ვხედავთ, რომ პოლარიზაციის მთავარი მიზეზი დღეს არის სწორედ ერთის მხრივ პატიმრობა მიხეილ სააკაშვილის და მეორეს მხრივ საფრთხე, რომელიც მის ჯანმრთელობას ემუქრება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. თუმცა, იაგო ხვიჩია დასძენს, რომ "ოცნება" და ენმ ერთმანეთთან შეკრულნი არიან.
"სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაა მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა, მე არ შემიძლია მოვუწოდო ან შეწყალება, ან არ შეწყალება. ეს არ არის ჩემი საქმე. თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან არის შეკრული და რასაც ესენი ერთმანეთში მოილაპარაკებენ ის მოხდება და მგონია, რომ ჩვენ ტყუილი გულშემატკივრობა და ფუჭი მოლოდინები გვაქვს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.