პრეზიდენტის ინიციატივა დაჩქარებული ტემპით ვაქცინაციის შესახებ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. მათი ნაწილი ვაქცინაციის წახალისებას მიესალმება.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტის გზავნილებს დაგვიანებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს კამპანია მას თვეების წინ უნდა დაეწყო.
"ვაქცინაცია რომ ყველამ უნდა გაიკეთოს, ეს ბუნებრივია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ახლა გამოდიოდეს მოწოდებით ქალბატონი სალომე, მას ეს კამპანია თვეების წინ უნდა დაეწყო, როგორც პრეზიდენტს, ახლა თითის შვერა აქციებისკენ და ოპოზიციისკენ, ეს არის გადატანა ისრების სხვა მიმართულებით," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
"ლელოს" წევრის ვატო სურგულაძის თქმით, მიუღებელია ინიციატივა აუცრელი მოქალაქეებისთვის ფასიანი მკურნალობის დაწესების შესახებ.
"რას ჰქვია არ ვუმკურნალოთ ან ფასიანად ვუმკურნალოთ, იცის ქალბატონმა პრეზიდენტმა, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ?" - ამბობს ვატო სურგულაძე.