16 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე, განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინ აქციაზე ერთ-ერთ თათბირზე, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა. 

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, მათ კონკრეტულმა პირმა, გაუთქმელობის დათქმით მიაწოდა. შესაბამისად, ის აცხადებს, რომ წყაროს შენარჩუნების მიზნით, ისინი მის სახელს არ დაასახელებენ, ვინაიდან მომავალშიც მიიღონ მისგან ინფორმაცია, რისკების დასაზღვევად. 

"30 ოქტომბერს დასრულდა არჩევნები და ამასთან ერთად დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიცია- დაებრუნებინათ ძალაუფლება და აღედგინათ ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი. "ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში არის ღირსების გარანტი და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. 

გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბარი რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც სუსმაც გაავრცელა ინფორმაცია. 

განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე, განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა, უმკაცრესად დაისჯება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პოლიციას, გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტიურისტებისგან: მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა. 

მადლობას გადავუხდით სამართალდამცავებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის. რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, თუ რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას," - განცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, რაც მისი თქმით, "რადიკალების მცდელობას, კიდევ უფრო არიან ქვეყანა, საბოლოო წერტილს დაუსვამს". 

დღის ამბები