16 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები, არჩევნები და ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები - ეს საკითხები ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერიკა ოლსონთან განიხილეს

საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო პროცესები და ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ამ საკითხებზე მიაწოდეს ერიკა ოლსონს ინფორმაცია ოპოზიციის იმ ლიდერებმა, რომლებიც ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დღეს იმყოფებოდნენ.

"ქართულ ოცნებას" რომ აღებული ვალდებულებების შესრულება აიძულონ, ოპოზიციონერი ლიდერების განმარტებით, სხვადასხვა ტიპის აღსრულების მექანიზმს გამოიყენებენ. მათ შორის, ყველაზე მეტ აქცენტს, ოპოზიციაში, მოკავშირეების მხრიდან სანქციების დაწესებაზე ამახვილებენ.

ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონთან შეხვედრის დროს. მესამე სექტორის განმარტებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კითხვები არ უჩნდებათ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თბილისში ვიზიტი, საქართველო-აშშ-ს შორის არსებული კავშირის მკაფიო დადასტურებაა. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, სისტემური რეფორმების განხორციელება მოკავშირეების მხარდაჭერით შეუფერხებლად გაგრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, თბილისში ოფიციალური შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გამართა. ერიკა ოლსონი შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს. ოლსონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სამხრეთ ევროპის და კავკასიის საკითხებს კურირებს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრა.

 

დღის ამბები