7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. როგორც პროკურორი, ჯარჯი წიკლაური ამბობს, სასამართლომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება გააუქმა აღკვეთის ღონისძიება.
"7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.
შესაბამისად, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
დღევანდელ პროცესზე და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს ბოლო დროდ დაჟინებული მცდელობა აქვთ ამ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვისა, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესების გამართვისა. ამაზე მოგახსენეთ, რომ როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ ბადრაგირება ვერ ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილისა დღევანდელ პროცესზე, ჩვენ მაშინვე შევთავაზეთ სასამართლოს ჩვენი პოზიცია და შუამდგომლობით მივმართეთ რომ მიგვეცა საშუალება მიხეილ სააკაშვილისთვის უშუალოდ მიეღო მონაწილეობა და ამისთვის მზად ვიყავით სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. არა მარტო ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა ბრალდებულისთვის შესაძლებლობა, ტრანსლირებით, დისტანციურად ჩართულიყო აღნიშნულ პროცესზე. მოგახსენებთ, რომ რომც მომხდარიყო მისი ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მონაწილეობა, ბუნებრივია, მას ექნებოდა როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესი. ანალოგიურია, როდესაც ვიდეო ტრანსლირება ხდება და დისტანციურად ერთვება ადამიანი სასამართლო პროცესზე, მას სრული შესაძლებლობა და თავისუფლება ექნებოდა, უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მათ შორის მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შევთავაზეთ დაცვის მხარესაც, მაგრამ გასაოცარი გახლავთ ის, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, დაცვის მხარემ ამაზე უარი განაცხადა. მათ შორის, სასამართლოში რომც მოსულიყო, იგივე უნდა მომხდარიყო, ტელევიზია გადასცემდა,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.