საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან და ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და აიწევა ბარიერი, შემდეგი ეტაპი კი მათი საერთოდ აკრძალვაა.
"1.5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინკაზინოების მეშვეობით. ადამიანები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს. მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან. პირველ ეტაპზე, ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ვფიქრობთ რომ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის, რომელთა უმრავლესობა უცხოურია და საუბედუროდ ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. ამ ფულის 99% არის გაჭირვებული მოსახლეობის . პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა რომ ამ ინიციატივას საზოგადოების მხარდაჭერაც ექნება.