16 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის შეწყვეტიდან მეოთხე დღეს - სააკაშვილი დღეს ომბუდსმენმა მოინახულა

შიმშილობის შემდგომი მკურნალობის მეოთხე დღეს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ექიმების ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში გართულებები არ ყოფილა. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ კი, დღეს, პატიმარს მედიკოსების დახმარებით სიარულის მცდელობაც ჰქონდა.

კონსილიუმის წევრები, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში დილით შევიდნენ, ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და სპეციალურად მისთვის შედგენილი გრაფიკით იკვებება.

ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის გარდა, ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალში დღეს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმაც მოინახულა. ექიმებს სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების უფლება არ აქვთ, თუმცა, როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ განმარტეს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გორის ჰოსპიტალში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. მათივე თქმით, ექსპრეზიდენტი სუსტადაა, თუმცა, თავს უკეთ გრძნობს.

გორის ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტს დღეს სახალხო დამცველიც სტუმრობდა. ნინო ლომჯარიამ დღევანდელი ვიზიტით პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, გარკვეული გამოწვევები რჩება, თუმცა, წინა შეხვედრის შემდეგ, მისი რეკომენდაციების დიდი ნაწილი პენიტენციურ სამსახურს გათვალისწინებული აქვს. 

ექსპრეზიდენტის მონახულების სურვილი დღეს მის თანაგუნდელებსაც ჰქონდათ, თუმცა, აკო მინაშვილი დაწესებულებაში არ შეუშვეს. გვიან ღამით პატიმარი პირადმა ექიმმაც მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში, გლდანის ციხიდან, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. შიმშილობის შედეგებს შესაბამისი მკურნალობით ექსპრეზიდენტი უკვე მეოთხე დღეა ებრძვის.

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები