16 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
როგორ შეიზღუდება ონლაინ კაზინოებზე წვდომა - არასამთავრობო სექტორის ნაწილი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მომხმარებლების რიცხვი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ლუდომანების რაოდენობის მატების პარალელურად, მცირდება იმ პირების ასაკი, რომლებიც ონლაინ სამორინეებით თითქმის ყოველდღე სარგებლობენ.

მოგების იმედით, ხშირად თანხის მოძიებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ, შედიან აზარტში და საკუთარ ქმედებებს თავადაც ვერ აკონტროლებენ - კარგავენ ყველაფერს.

"კურიერის" რესპონდენტი, რომელსაც საჯაროდ გამოჩენა არ სურს, დეტალურად იხსენებს იმ ხუთ წელს, როდესაც ის ლუდომანი იყო. წააგო რამდენიმე ათასი ლარი, დაკარგა მეგობრები, ახლობლები და პრესტიჟული სამსახურიც. გადაწყვეტილება, რომ ამ დაავადებისგან განკურნებულიყო, მას შემდეგ მიიღო, როდესაც ოჯახი დაენგრა, ახლა უკვე ერთი წელია რაც ახალი ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარ მაგალითზე კი რჩევებს სხვებს აძლევს.

როგორ დარეგულირდეს ონლაინ სათამაშო ბიზნესი ქვეყანაში ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს, ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე წლებია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იბრძვიან, შედეგი კი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა - ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ეტაპები დაასახელა, რომლის გავლის შემდეგ, ონლაინ კაზინოები სრულად აიკრძალება, მანამდე კი ინტერნეტ სამორინეებს გადასახადი გაეზრდებათ, აიკრძალება რეკლამები, ასაკობრივი ზღვარი კი 25 წელს ზემოთ დაწესდება.

მთავრობის გადაწყვეტილება მისაღები და დროულია იმ არასამთავრობო სექტორის ნაწილისთვის, რომელიც წლებია ლუდომანიის წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშოა, გაზრდილია ონლაინ კაზინოებზე დამოკიდებული მოქალაქეების რიცხვი.

სპეციალისტების თქმით, ეს დაავადება მხოლოდ მოთამაშეზე არ ახდენს გავლენას, იწვევს დემოგრაფიის პრობლემას, მატულობს ოჯახების დანგრევის ფაქტები და გახშირებულია სუიციდის შემთხვევებიც.

რეგულაციების დაწესება კარგია, თუმცა არის რისკებიც, საფრთხეებზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. მიიჩნევენ, რომ ერთდროული აკრძალვა შესაძლოა დამღუპველი იყოს თავად ლუდომანისთვის, ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მუშა პროცესში აუცილებელია ფსიქოლოგების ჩართვაც.

პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე გაიმართება სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები და დისკუსიები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოშიც.

დღის ამბები