"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ინიციატივას ოპოზიციაში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ინიციატივას მხარს უჭერს, მათ შორისაა, "ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გარეშე, ამ მიზნების მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
"მნიშვნელოვანია, საქართველომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები უსაფრთხოების გარანტიების მოსაპოვებლად სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებისთვის, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცაღა, ამ ყველაფრისთვის საჭიროა ეროვნული მთავრობა. დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი არჩევნების შედეგად ფორმირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა ამ მიზნის განხორციელებას შეძლებს უკვე კოალიციურ კონფიგურაციაში,"-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"ლელოსთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავენ პარტიაში "საქართველოსთვის."
"ჩვენ თანამშრომლობას არავისთან არ გამოვრიცხავთ, წითელი ხაზების გათვალისწინებით. ეს წითელი ხაზები ვინც არიან, კარგად იცით - შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერი ინიციატივაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებისთვის იქნება სასარგებლო, საუბარს არავისთან ვერიდებით. კითხვა არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა მეტი დასავლეთი, მეტი ნატო საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გვინდოდეს, ეს ჩვენთვის უბრალოდ გარდაუვალია,"- აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.
"მოქალაქეებში" ამბობენ, რომ ყველა ინიციატივას დაუჭერენ მხარს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობას შეამცირებს, თუმცა, პარტიის ლიდერი ლევან იოსელიანი იქვე აღნიშნავს, რომ ეს დაძაბულობა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტიდან წასვლით კიდევ უფრო გააღრმავა.
"მე მომხრე ვარ ნებისმიერი ფორმატის, სადაც შესაძლებელი იქნება ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ ისაუბროს და ამით ის პოლარიზაცია და ის დაძაბულობა, რაც ქვეყანაშია, შემცირდეს, მაგრამ ამას ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს ის ნაბიჯები, რასაც, ზოგადად, დგამენ - მაგალითად ის, რომ მამუკა ხაზარაძე წავიდა პარლამენტიდან,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 3 ინიციატივას ასახელებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს.