16 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
როცა მიხეილ სააკაშვილი დიდი აქციისთვის და კონსოლიდაციისთვისაა საჭირო, თურმე ის უნდა გამოჩნდეს და აწამონ და როცა ვიღაც ჩათვლის, უნდა გაიწიოს - ნიკა გვარამია

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ ცენტრი "ემპათიის" მიერ შექმნილი საექიმო-საექსპერტო საბჭო შევიდეს მასთან გამოკვლევებზე. აღნიშნული განცხადება ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. ექსპრეზიდენტი აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის. ნიკ გვარამიას თქმით, ფიზიკური სისუსტე შედარებით ალაგდა, რის შემდეგაც წინა პლანზე წამოვიდა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის პრობლემები.

"როგორც კი პირველადი სისუსტე ალაგდა, ძალიან წინა პლანზე წამოვიდა დ ნათელი გახდა უკვე მისი სტრესული, ნერვული მდგომარეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მძიმედ ახლაა. ეს მას ეტყობა მეტყველებაზეც, სიარულზეც. მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგებიც, ფსიქოლოგებიც და ფსიქოთერაპევტებიც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ამ ალტერნატიული  კონსილიუმის შემოსვლა.

მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ფიზიკური აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით რთულია, საჭიროებს ძალიან კვალიფიციურ და დროულ ჩარევას,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის გზავნილიც გააჟღერა, პოლიტიკურ პროცესებზე მისი შიმშილობის გავლენასთან დაკავშირებით:

"ის წუხს, რომ გარკვეულწილად "ქართული ოცნების" ნარატივი იქნა შემოგდებული და გაზიარებული, რომ თითქოსდა სააკაშვილის შიმშილობამ აქცენტი გადაიტანა ვადამდელი არჩევნებიდან. პირიქით, ის ცდილობს, მან იშიმშილა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მთავარი - დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს კოალიციური მთავრობით. ის თავის თავს ვერ და არ ხედავს მომავალ ხელისუფლებაში არც ერთი კონფიგურაციით, მისთვის მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლების სათავეში.

იგი თვლის საჭიროდ, რომ ბოლომდე ხელები გაეხსნას პოლიტიკურ სპექტრს და სპეკულაციების ადგილიც არ იყოს და სივრცეც საიმისოდ, რომ თითქოს სააკაშვილი უშლის ხელს ვადამდელ არჩევნებს და ოპოზიციის  სხვა გეგმებს, მოუწოდებს, რომ მასთან დაკავშირებით იყოს ალტერნატიული ჯგუფი იყოს, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს,"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მისი აზრით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გარკვეულმა პირებმა ისეთი კომენტარები გააკეთეს, რომ ამით სახე დაკარგეს:

"ჩემ პოზიციას ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი საყურებელია სახის დაკარგვა იმგვარად, რომ ადამიანის წამების შემთხვევაზე კომენტარი გააკეთო, რომ მას თავის თავზე აქცენტი გადააქვს იმითი, რომ თავს აწამებინებს ივანიშვილს. როცა მიხეილ სააკაშვილი დიდი აქციისთვის და კონსოლიდაციისთვისაა საჭირო, თურმე ის უნდა გამოჩნდეს და აწამონ და როცა ვიღაც ჩათვლის, უნდ გაიწიოს. მიხეილ სააკაშვილი იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად იმ ხერხებით და გზებით, რომელიც მას აქვს ამ ხელისუფლებისგან დატოვებული, რომელსაც უდიდესი უმრავლესობა ჩვენგანი ამ გზას ვერ შევუდგებოდით," - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დააკონკრეტა რომ აქცენტის გადატანასთან დაკავშირებით არ იგულისხმება რომელიმე პარტიის განცხადება.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილი მის თვალში გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" დროს იყო.

"სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია გაიარა. მან გაიარა ისეთი განსაწმენდელი, რომელიც ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არავის რომ არ გაუვლია ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა თუ არ დაუშვა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" დროს იყო. ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ საკუთარი თავი გაესუფთავებინა. ის აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, მიღწეული ჯერჯერობით არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად მოითხოვს თავის სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის დანიშნული.

"მიუხედავად იმისა, რომ მას ნულოვანი ნდობა აქვს ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართ ის ითხოვს, რომ გადაყვანილი იქნეს სასამართლოში სადაც უნდა იყოს ღია პროცესი და ის ქართველი ხალხის წინაშე ილაპარაკებს სიმართლეს. ასევე ის ხაზს უსვამს, რომ შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს პლატფორმა, რომელსაც ის უპირობოდ ენდობა. ის სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას ამაში. ეს იქნება სპეციალურად შექმნილი სასამართლო. გასაგებია, რომ კონსტიტუცია სპეციალურ სასამართლოებს გამორიცხავს, მაგრამ ეს იქნება რაღაც ფორმატი, რომელსაც ენდობა როგორც ხელისუფლება, ისე სააკაშვილი. ამ შემთხვევაში ის ქართველი ხალხის წინაშე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას, თუ ეს სასამართლო იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასეთი პლატფორმა, ჯერჯერობით, საქართველოში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილს ასეთი სასამართლოსი არ ეშინია, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს არ დაუშვას, რადგან მას სიმართლის ეშინია,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები