16 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
დროა საქართველოში შეწყდეს პლენარული სესიების ბოიკოტირება ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან - მარინა კალიურანდი

სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები მმართველმა გუნდმა უკვე დაასრულა. 2 დღის განმავლობაში "ქართული ოცნება" ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავდა შეხვედრებს.

განხილვის თემა შიდა პოლიტიკური ვითარება და საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო. ეს ყველაფერი აღმოსავლეთ პარტნიორების მოახლოებულ სამიტს უძღვის წინ.

სტრასბურგში შეხვედრები შედგა საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მთავარ მომხსენებელთან და კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელთანაც. "ქართული ოცნების" სათქმელი ის იყო, რომ შიდა პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე არ უნდა აისახოს და ხელისუფლება ახალი დღის წესრიგის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

პარტნიორების გზავნილი კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა მას სასურველი წინსვლისთვის სტაბილურობა, ეფექტური რეფორმები და ძალისხმევა მართებს.

ევროკავშირის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიაში, მარინა კალიურანდი ქართველ ოპოზიციონერებს ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"პირველ რიგში, ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ე.წ. ევროპული გზა. "ქართულმა ოცნებამ" დამარწმუნა, რომ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს და პირიქით, ბევრს მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე, რეფორმების გზით. მინდა ვთქვა, რომ არჩევნები დასრულებულია და ნორმალურ ცხოვრებასთან და სამუშაოსთან დაბრუნების დრო მოვიდა, ამაში კი პარლამენტს ვგულისხმობს. დროა შეწყდეს პლენარული სესიების ბოიკოტირება ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ჩვენი რჩევა "ქართული ოცნების" მიმართ იყო ის, რომ ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, ვისაც ამის მზაობა აქვს. რადგან ახლა უნდა დაიწყოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა: დაწყებული ეკონომიკიდან, სოციალური საკითხებითა და კოვიდით გაგრძელებული," - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

საქართველოს საკითხებზე მთავარი მომხსენებელი ევროპარლამენტში, სვენ მიქსერი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი, მათ შორის ევროპარლამენტარები ძალიან არიან დაინტერესებულები საქართველოს წინსვლით ევროინტეგრაციის გზაზე.

"ცხადია, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ ყველა გაცემული დაპირება შესრულდეს და რეფორმები წარმატებული იყოს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყოფილ პრეზიდენტზეც, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. შევიტყვე, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა ვფიქრობ სიტუაციას მდგრადი გადაწყვეტა სჭირდება. იმისათვის რომ პოლიტიკურმა დისკურსმა წინ წაიწიოს და ნორმალური მიმართულება მიიღოს. ვფიქრობ, ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირი, მათ შორის ევროპარლამენტარები ძალიან არიან დაინტერესებულები საქართველოს წინსვლით ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ევროკავშირის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ჩვენ გვსურს ნამდვილი პროგრესის ხილვა, როგორც რეფორმების მიმართულებით, ისე ნორმალური პოლიტიკური პროცესის კუთხითაც. დროა ყველამ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუციებზე თავდასხმა და პოლიტიკური ანტაგონიზმი სრულიად არასაჭიროა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ახლა კრიტიკული დროა," - აღნიშნა სვენ მიქსერმა.

დღის ამბები