პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ყოველდღიურად უმჯობესდება. 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ის რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, სადაც მისვლას აგრძელებენ მისი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები.
ადგილზე დილიდან მივიდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე ლიზა იასკო. ის ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებიც. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალება მიეცეთ ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლებს.
"მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის საშუალება მიეცეს ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლებს და თუ ისინი გასცემენ იმ ტიპის დასკვნას, რომ ეს რეაბილიტაცია მოხდეს უფრო მაღალტექნოლოგიურ და უფრო მეტად შესაბამის კლინიკაში, რომელიც საქართველოში არ არის და არის ვთქვათ, საზღვარგარეთ, ამ თვალსაზრისით, შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს გადავდგამთ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი გზა არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება. არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმებიც, რაზეც ჩვენ, ბუნებრივია, ვმუშაობთ,"-აცხადებს ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო და ამ რეჟიმში 50 დღე გაატარა.
სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა და რეაბილიტაციის კურსის გასავლელად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.