3 საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ხანგრძლივი სიტყვა ჰქონდა და რომელზეც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მის ბრალდებებზე ისაუბრა, ყოფილი პრეზიდენტი ისევ გორის ჰოსპიტალში დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უკრაინის რადას წევრი ლიზა იასკო და ასევე, მისი თანაგუნდელი თინათინ ბოკუჩავა მივიდნენ:
"როგორც პარლამენტის წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დროდადრო მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. ბუნებრივია მასთან ვისაუბრებ არამხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის მისი გათავისუფლების საკითხებზე. ვნახეთ დღესაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აწამეს, ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა.