პრემიერის მიერ წლის შეჯამებას მინისტრთა კაბინეტი, დეპუტატები და ელჩები დაესწრნენ, რომლებმაც პრემიერის ანგარიში შეაფასეს, როგორც საინტერესო და საჭიროებებზე ორიენტირებული.
"პრემიერ-მინისტრმა თავის ხალხსა და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, ვინც ვინმეს თავს დაუხრის უსამართლოდ. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაში იგულისხმება ის, რომ მადლიერი ვართ ჩვენი ამომრჩევლის, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის. იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს. დაწყებული ოკუპაციიდან, გაგრძელებული უმუშევრობით," - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ანგარიშის შეფასებისას.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პრემიერმა ანგარიშში განსაკუთებით გამოყო ტურიზმისა და ენერგეტიკის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის:
"ყველა დარგიდან პრემიერ მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო 2 დარგი ტურიზმი და ენერგეტიკა, ეს ისეთი აქცენტია, რომელიც ხაზს უსვამს ამ ორი დარგის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ტურიზმს რაც შეეხება გაჟღერდა რომ ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში, მომავალ წელს თითო ახალი პროექტის მომზადება გვაქვს დაგეგმილი," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი საერთაშორისო ასპარეზზე პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე გააკეთა აქცენტი. დავით ზალკალიანის თქმით, წარმატებულმა ვიზიტებმა ხელშესახები შედეგები მოტანა ქვეყანას.
"პრემიერმა რამდენჯერმე გაიმეორა რომ ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ძალიან ბევრ კონკრეტულ შედეგში, თუნდაც ბოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში რომელიც იყო წლის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა, რომელმაც ძალიან სერიოზული ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პრემიერის მსგავსად მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა ინფრასტრუქტურის მინისტრმაც.
"2022 წელი უკვე რეკორდული იქნება გამომდინარე იმ საბიუჯეტო ასიგნებებიდან და პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე," - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.