ეროვნული შერიგების იდეა და დიალოგის პერსპექტივები. საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას ინდივიდუალურად ხვდება. პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. ათონელის რეზიდენციაში უკვე იმყოფებოდნენ სალომე სამადაშვილი, ანა დოლიძე და ხატია დეკანოიძე, ამ წუთებში კი პრეზიდენტს "მოქალაქეები" ხვდებიან.
"მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა და რამდენიმე პოტენციურად პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში - ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა, რაც გულისხმობს პოლიტიკურ სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რეალურად ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაშალოს ერთმანეთთან ბრძოლის და სამოქალაქო ომის ფურცელი:
"დავიწყება არ ხდება, ხდება უბრალოდ რაღაცებზე ზევით დადგომა და ახლიდან გადაფასება, საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა და ადამიანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური პარტიები, ამიტომ ის გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა ერთმანეთთან ბრძოლის და სამოქალაქო ომის, ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ახლიდან უნდა გადავაფასოთ რაღაცები, ეს ცალსახაა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში წინაპირობების წამოყენების წინააღმდეგია სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ეს პროცესს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს.
"მე არ მგონია, რომ ამ პროცესში წინაპირობები უნდა არსებობდეს, ეს საბოლოო ჯამში მხოლოდ დააზარალებს და შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენ ბევრი საუბარი გვქონდა, მათ შორის საგარეო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას და ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს გამოწვევები კარგად ესმის," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე აკეთებს აქცენტს პარტია "ხალხისათვის" ლიდერი ანა დოლიძე:
"პრეზიდენტის აზრი არის და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს საზოგადოების ჩართულობით. საზოგადოებასთან ერთად იქნებ გადავლახოთ ის წუხილები და ის ბრაზი, რომელიც ჩვენი საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი წელია. კონკრეტულად რა ვადებს ეხება ეს, რა ჯგუფებს და პირებს, ალბათ პრეზიდენტი გამოაცხადებს," - განაცხადა ანა დოლიძემ.