16 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
თანხვედრის წერტილების პოვნა და ეროვნული შერიგების პერსპექტივა - პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს

სალომე ზურაბიშვილი "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება. მთავარი თემა პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც ეროვნული შერიგების იდეას და დიალოგის პერსპექტივებს ეხება.

"ეროვნული შეთანხმება გადის იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ დავხარჯეთ 6 თვე, ბოიკოტი და შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც რომ აღსრულებულიყო, დღეს ჩვენ აქ აღარ ვიქნებოდით, სხვა პრობლემებზე ვისაუბრებდით. ეს არის კონსტიტუციური ცვლილება, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი სამართლიანად ჩატარება, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ძალაუფლების გადანაწილება სამართლიანად - ესაა შარლ მიშელის დოკუმენტი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოლაპარაკებები ინდივიდუალურ რეჟიმში დილიდან მიმდინარეობს. "ლელომდე" სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "გირჩის" ლიდერები, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიღო.

"ეროვნული შერიგება ალბათ იმაზე გადის, რომ საჯაროდ ტყუილის ლაპარაკი ტეხავდეს და არ იყოს პოლიტიკაში მოსული. ის, რომ ამდენი სიცრუეა ირგვლივ და ყველაფერი ხელოვნურადაა აგებული და აცდენილია რეალობას, საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ასეთი რაღაცები ხდება," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში თანხვედრის და შეთანხმების წერტილები გაჩნდეს:

"საჭიროა დავიწყოთ საუბარი რა გვაერთიანებს, თორემ ძალიან ბევრს ვიპოვით და ნაპოვნიც გვაქვს საკმარისზე მეტი თუ რა გვყოფს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები