16 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
დაიწყებენ თუ არა "ნაცმოძრაობის" ლიდერები შიმშილობას - რას პასუხობენ პარტიაში სააკაშვილის მოთხოვნას?

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ, რომ პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობის დაწყება მოსთხოვა.

პარტიის წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღწევა და არა ვინმეს დავალებით.

"არ შეწყდება ეს აქციები მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება და არ დასრულდება მის მიმართ ის პოლიტიკური შურისძიება, რომლის მომსწრენიც ვართ. ჩვენ არავინ არაფერს გვავალებს, თუ გადაწყვეტილება მიიღება, მიიღება სრული კონსენსუსით პარტიაში,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, პროტესტის ნიშნად შიმშილობასაც მიმართონ. 

"გამორიცხული არ არის წინააღმდეგობის არცერთი ფორმა, არცერთი საპროტესტო ფორმა - იქნება ეს სამოქალაქო პროტესტი, საჯარო აქციები, შიმშილობის აქციები, ყველაფერი, სანამ ოლიგარქიული მმართველობა არსებობს ქვეყანაში,"- აცხადებს წიკლაური. 

შეგახსენებთ, "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, დაფინანსება შეუწყდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები