ეროვნული შერიგების იდეა და დიალოგის პერსპექტივა - ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დილიდან გამოჩნდნენ. პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა საკუთარ შეთავაზებაზე, დეტალური საუბარი არც სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის შემდეგ ისურვეს. პოლიტიკოსების აზრით, ეროვნული თანხმობის პროცესი იმ მიგნებებით უნდა დაიწყოს, რომელიც საზოგადოების კონსოლიდირებას შეძლებს.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" კი, შერიგება და ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე გადასვლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის. პარტიის სახელით დღეს პრეზიდენტთან ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა, რომელიც ზურაბიშვილის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს.
ახალ პოლიტიკურ თამაშის წესებზე შეთანხმება, თუ პოლიტიკური დაპირისპირების სრულად გადაფასება - ვისთვის რაზე გადის ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესი - ამ კითხვაზე დღეს პასუხის გაცემა ორბელიანების სასახლეში მისულ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებსაც მოუწიათ.
შერიგების პროცესის პერსონალიებამდე დაყვანას ნეგატიურ გზავნილს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში." საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული საჭირო ინიციატივის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს, რაც პროცესს დააზარალებს. მათი განმარტებით, სამოქალაქო თანხმობის პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა ის წარსულის დავიწყებასა და ოპონენტების პოლიტიკური მიზნების შესრულებაზე არ გადის. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ წინასწარი ულტიმატუმების დაყენებით ოპოზიციის ნაწილი პროცესს ჩრდილს აყენებს. უმრავლესობის ლიდერების აზრით, შერიგება პოლიტიკური ამნეზიას არ შეიძლება ნიშნავდეს.
პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო თანხმობისთვის ახალი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნის იდეა გასულ კვირას გააჟღერა.