16 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
ეროვნული შერიგების იდეა - გიგა ბოკერია პროცესთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად ხედავს

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისგან ისმენს მოსაზრებებს - რამდენად პერსპექტიულად და რეალისტურად წარმოუდგენიათ ეროვნული შერიგების იდეა. პრეზიდენთან უკვე იმყოფებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორი, ასევ ლელოსა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პროცესთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად ხედავს:

"ეს პროცესი არ და ვერ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც გააკეთეს განცხადებები, რითიც იმედები გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაცა პროცესები დაიწყო, რაც ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც არის ახლა ეს ქვეყანა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფრთხილ ოპტიმიზმზე საუბრობს გახარიას პარტია. კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ მათ როლს ამ პროცესში პრეზიდენტის დახმარებაში ხედავენ:

"ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდებით ამ პროცესს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ ზოგადად როგორც პარტიას არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს. ჩვენს როლს ვხედავთ იმაში, რომ მივეხმაროთ ქალბატონ პრეზიდენტს, იმ შეხების წერტილების მონახვაში, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ძალიან რთულად საპოვნელია, ამ ღრმად პოლარიზებულ გარემოში," - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

პრეზიდენტთან შესახვედრად იმყოფებოდა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც.  რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ეროვნული შერიგების პროცესი არ კონცენტრირდება ერთი ადამიანის გათავისუფლებაზე და მისი მიზანია სისტემურ თემებზე მსჯელობა.

"მნიშვნელოვანია, რომ არ გვქონდეს მცდარი მოლოდინები, პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა იმისთვის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ იყოს გადაწყვეტილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არ დებს კონკრეტულ მოხაზულ ჩარჩოს, რომელსაც ყველა და ყველაფერი უნდა მოერგოს," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები