პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრები გრძელდება. დღეს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას და სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. ორბელიანების სასახლის დღის ბოლო სტუმარი პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი იყო, თაკო ჩარკვიანმა მოლაპარაკების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა იმ თემებზე, რაზეც მან ამ შეხვედრაზე პრეზიდენტთან ისაუბრა და რამდენად რეალისტურად წარმოუდგენია ეროვნული თანხმობის იდეა.
"ვისაუბრე, მე, პირადად, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, სხვაგვარად როგორ იქნებოდა?! შეწყალება იქნება თუ არა, ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ის, რომ ეს ინსტიტუცია დადებითად იქნება ჩართული ამ სამართლებრივი შეთანხმების რეფორმირების პროცესში, ეს უთუოდ ჩანს" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
"საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი კი ამბობს, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ზეპარტიულ საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია :
"მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ზეპარტიულ საკითხებზე შეთანხმება, არა კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით - ვინ გათავისუფლდება პატიმრობიდან, ვინ არ გათავისუფლდება...
მნიშვნელოვანია, პროცესებმა, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, გადაინაცვლოს პარლამენტში.
შეთანხმება წარმოუდგენელია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე თუ არ შევთანხმდებით, ქვეყნის დასავლურ კურსზე, დეოკუპაციაზე - თუ ამ საკითხებზე საერთო ხედვა არ გვექნება, რაზეა საუბარი?!" -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.