23 დეკემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ოპოზიციის ინიციატივა და "ქართული ოცნების" პასუხი - მიიღებს თუ არა პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას

ქართული პოლიტიკური სპექტრი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ოპოზიციის ნაწილმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი პოზიცია დააფიქსირა.

"ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" 5 პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს. ოპოზიციის ინიციატივაა, კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი განხორციელდეს.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, ოპოზიციას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც  საპარლამენტო დონეზე უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს.   

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ, როგორც პროექტის ინიცირება, ასევე დაუყოვნებლივ, შემდგომ სასესიო კვირას მოხდეს ამ რეზოლუციის ერთობლივი მხარდაჭერის გზით დასრულება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის ვითხოვთ "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებს იმისთვის, რომ ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია, უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში და შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გმობს ოკუპაციას და მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ოპოზიციასთან ერთობლივ კონსულტაციებს არ აპირებენ. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. მგონია, რომ არავის არ აქვს უფლება შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუღებელია და ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას. რადიკალურ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს თუ სჭირდებათ თავი გამოიჩინონ, ეს მათი პრეროგატივა და მათი უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია და გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა ჩვენს განცხადებებთან მიმართებაში,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები